ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. დღეს, 23 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრიალამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის ლიდერმა Washington Post-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო რამდენიმე კვირაში ეწვევა უკრაინას. მისი თქმით, იგეგმება, ოდესის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარება.

"მე, როგორც გენერალური მდივანი ყოველთვის მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, უფრო მეტი დახმარება გაუწიონ. მე მოვუწოდებ მათ, რომ წინ წავიდნენ, უზრუნველყონ მეტი წვრთნა, მეტი ფინანსები ნდობის ფონდში, მეტი აქტივობა უკრაინასთან ერთად... ყველა მოკავშირე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს უკრაინას. პირველ რიგში, ჩვენ ვუცხადებთ მათ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ არ შევეგუებით ყირიმის ანექსიას და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერთ მინსკის შეთანხმების განხორციელებას. ჩვენ პროგრესიც დავინახეთ პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით... ჩვენ, ასევე, პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ვეხმარებით შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, ეს მოიცავს წვრთნებსა და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას", — თქვა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ 24-25 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის საკითხი იქნება დღის წესრიგში.