უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა სილაგაძემ პარლამენტში გასაუბრებისას დეპუტატ ეკა ბესელიას შემდეგ არც ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს უპასუხა.

სილაგაძემ გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ მისი სისხლის სამართლის საქმე აქვს განხილული და მასთან მიმართებაში ობიექტური არ იქნება. გოგიჩაიშვილმა მოსამართლეს უპასუხა, რომ არ ახსოვდა, მისი საქმე თუ ჰქონდა განხილული.

"ჩემზე ეგეთი რაღაცები არ მოქმედებს, მე ამ შემთხვევაში კითხვას რომ ვსვამ, კითხვას ვსვამ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მანდატს წარმოვადგენ", — უთხრა გოგიჩაიშვილმა მოსამართლეს.

სილაგაძემ კვლავ გაიმეორა, რომ პასუხისგან თავს იკავებს, ამის შემდეგ კი გოგიჩაიშვილმა სხდომის წამყვანს, დავით მათიკაშვილს მოუწოდა, ჩარეულიყო.

"პასუხის არგაცემაც პასუხია", — თქვა მათიკაშვილმა.

გოგიჩაიშვილმა ამის შემდეგ მათიკაშვილს უთხრა, რომ პარლამენტის შეურაცხყოფისთვის ის მის ადგილზე მანდატურს ეტყოდა, რომ "მოკიდონ პაატა სილაგაძეს ხელი და გააგდონ ოთახიდან".