უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე ამტკიცებს, რომ არ ახსოვს საბჭოს მდივნის შესარჩევი კონკურსისას კანდიდატურა ლევან მურუსიძის სასარგებლოდ რომ არ დააყენა. ამის შესახებ მან პარლამენტში იურიდიულ კომიტეტთა სხდომაზე განაცხადა.

გოგორიშვილი: თქვენ ხომ მოხსენით კანდიდატურა ლევან მურუსიძის სასარგებლოდ?

სილაგაძე: არა, მე არ დავაყენე კანდიდატურა.

გოგორიშვილი: და თქვით, რომ ამას აკეთებთ ლევან მურუსიძის სასარგებლოდ.

სილაგაძე: ესეთი რაღაც ვთქვი? არა.

გოგორიშვილი: ასე იყო, დიახ. ეს თქვენი ციტატაა.

სილაგაძე: რას ბრძანებთ. არ დამიყენებია კენჭისყრაზე საერთოდ. არ მითქმია ეგეთი რაღაც.

გოგორიშვილი: მე მაინც გირჩევთ, რომ გადახედოთ არქივს.

სილაგაძე: კი ბატონო, დიდი ხანი გავიდა ამის შემდეგ, შეიძლება მაგრამ... ყოველ შემთხვევაში....

2013 წლის ივნისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს ლევან მურუსიძე. კენჭისყრის დაწყების წინ საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა – მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, ილონა თოდუამ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ – საკუთარი კანდიდატურები ლევან მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს.

ნეტგაზეთთან მაშინდელ ინტერვიუში სილაგაძე ამბობდა: "ღირსეული ადამიანი და ნამდვილად ვენდობი მას. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი კანდიდატურა არ დამეყენებინა".

პაატა სილაგაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უვადო მოსამართლეა. მანამდე, 2008-2019 წლებში კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე იყო. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პაატა სილაგაძეს ე.წ. კლანის ერთ-ერთ გავლენიან წევრად მოიაზრებს.