სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლების გაპროტესტება "ცუდი ფაქტი" იყო. გადაცემა SWOT ანალიზში ლილუაშვილმა თქვა, რომ მსგავსი "ფობიები" საქმეს არ წაადგება:

"ეს შეიძლება, იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა ეს საქმეს არ წაადგება. თუკი ცხრა მილიონი ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტი, ალბათ, იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით და ჩვენი ტრადიციული სტუმართმასნპინძლობით დავხვდით, რატომ უნდა დავხვდეთ აგრესიით ხელოვანი ადამინების, რომელთაც სპექტაკლი აქვს ქუთაისში ჩამოტანილი? ჩვენ უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომელიც ფონს გაგვიყვანს და არა ჩიხში მოგვაქცევს".

მისივე თქმით, ხალხს არ აქვს აგრესია რუსი ხალხის მიმართ, არამედ ისინი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს არ ეთანხმებიან.

19 ოქტომბერს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საქართველოში მოსკოვის თეატრის, "ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ოკუპაციის პირობებში საქართველოში რუსული თეატრის გასტროლები მიუღებელია. აქცია მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას ორგანიზებით გაიმართა.

მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა რეგინფოსთან თქვა, რომ მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმყოფებოდა იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის არის გაფორმებული.