ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომლითაც გარდაბნის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდაჭერით გამოდიან და ნაადრევ ქორწინებას აპროტესტებენ. ვიდეომიმართვა ფეისბუქზე ახალმა დარეგისტრირებულმა გვერდმა სალამმა გაავრცელა.

"სალამ! ჩვენ მოვედით! ვართ თქვენ წინაშე. მოვდივართ, გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები! მოვდივართ, ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება! მოვდივართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვდივართ, დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ! ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი! მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ!" — ამბობენ ახალგაზრდები ვიდეომიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გეოგრაფიის მასწავლებელ, ჰამიდ სადიკოვს ბოდიშის მოხდას აიძულებდნენ, რადგანაც მან ფეისბუქზე ქორწინებისთვის გოგოს გატაცება გააპროტესტა.

ახალგაზრდა მასწავლებელი სოფელში დაიბარეს და ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოსთხოვეს. მასწავლებელზე ზეწოლა ვიდეოთი გადაიღეს და შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მასწავლებელი გამოკითხვაზე დაიბარეს და გამოძიება დაიწყეს. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.