"რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად" ახალციხეში კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნა. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ორგანიზაცია სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშეს შეხვედრას 20 ოქტომბერს ასამდე ადამიანი ესწრებოდა. დამსწრეებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ხომერიკი.

ხომერიკს ჰგონია, რომ ორგანიზაციის დაფუძნებით ეროვნული საქმე კეთდება. გარდა ამისა, მას "სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელი გადაეცა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახალციხის გამგებლის ყოფილი მრჩეველი და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მესხური კოშკის პრეზიდენტი, გოჩა პარუნაშვილი იქნება. როგორც პარუნაშვილი ამბობს, მათი მიზანია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგება და დამეგობრება.

რაც შეეხება დაფინანსება, პარუნაშვილმა სამხრეთის კარიბჭეს უთხრა:

"ეს ჩვენი ჯიბიდან გაწეული ფინანსებია, თითოეული ქართველის, ჩემი ოჯახის და იმ ჩემი მეგობრების, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან. ეს იდეა შემოგვთავაზა ჩვენ თითოეული ქართველის ტვინმა. ვიმსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ ახლა არის ამისი საჭიროება".

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეში რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის იდეით ახალციხეში უკვე მეორე ორგანიზაცია შეიქმნა.