ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბევრი ჰესი ნაკლები ხმაურით შენდება, რაც ძალიან ახარებთ. ამ საკითხზე მინისტრმა ჟურნალისტებთან აბრეშუმის გზის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას აქვს გეგმა, როგორ გაგრძელდება ჰესების მშენებლობა.

"რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო დროს ეს არის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, რომლის დაკმაყოფილებაც ჩვენ, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტად გვიწევს იმპორტის საშუალებით და ეს არ არის ნორმალური ვითარება, როდესაც ქვეყანას აქვს მდიდარი ჰიდრო რესურსები. ჩვენ მოსახლეობასთან დიალოგით, ძალიან სერიოზული მუშაობით გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური საფრთხეების განეიტრალებაზე კვლავაც გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას", — თქვა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება როგორც მსხვილი, ისე მცირე, გარემოსდაცვის კუთხით ნაკლებსაზიანო ჰესები. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში ექსპლუატაციაში 8 ჰესი შევიდა.

ჰესების მშენებლობის საკითხი სხვადასხვა რეგიონებში არაერთხელ გახდა პროტესტი მიზეზი. მათ შორის სვანეთში, აჭარასა და პანკისში. სვანეთში მაცხოვრებლებმა გამართეს საპროტესტო აქციები რეგიონსა და თბილისში. ისინი სამშენებლო კომპანიას ადგილზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

პანკისში ჰესის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ადგილობრივებისა და სპეცრაზმის დაპირისპრება მოყვა. მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ჰესი იქამდე არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90% არ გამოთქვამს სურვილს.

გაიგეთ მეტი: