ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის მოხმარების წესების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდება. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

თუ მოქალაქე (ფიზიკური პირი) გაზს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევით მოიხმარს ან სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე მილი დამონტაჟებული იქნება ექსპლუატაციის პირობების დარღვევით, მას გააფრთხილებენ. განმეორების ან გაუმართავი დანადგარის თვითნებული აღდგენის შემთხვევაში კი ის 100 ლარით დაჯარიმდება.

თუ იგივე დარღვევას იურიდიული პირი ჩაიდენს, პირველ შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას კი 1 500 ლარით.

თუ მოქალაქე სარგებლობს ისეთი დანადგარით, რომელიც განთავსება იმ ადგილას დაუშვებელია, თვითნაკეთია ან აქვს ისეთი მილი, რომელიც არ არის განკუთვნილი გაზის გატარებისთვის, ის დაჯარიმდება 100 ლარით. იურიდიული პირი და საჯარო დაწესებულება კი 500 ლარით.

განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, იურიდიული კი 1 500 ლარით დაჯარიმდება.

თუ მომხმარებელი უარს იტყვის დანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარა იქნება, რომ ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია, კომპანიამ უნდა მიუთითოს ოქმში ამის შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას.

თუ ზემოთჩამოთვლილი დარღვევებისთვის დაჯარიმებული თანხას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, საქმე გადავა იძულებით აღსრულებაში.

კანონპროექტი ძალაში ეტაპობრივად შევა. კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის პირველი ნოემბერი, რათა შეიქმნას სამართალდარღვევის აღკვეთის პრევენციისათვის ეფექტიანი მექანიზმი. ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი (ბუნებრივი გაზის მოხმარება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით) ამოქმედდება 2021 წლის პირველი იანვრიდან, რაც განპირობებულია ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების მიღებით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვისა და დანადგარების გაუმართაობის გამო საქართველოში რამდენიმე აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, გაზის გაჟონვისვგან გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი.