უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ლევან მიქაბერიძე, რომელიც 37 წლისაა ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე 40 წლის ასაკიდან უნდა ინიშნებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ლევან მიქაბერიძე თავისსავე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მას უზენაეს სასამართლოში მოხვედრა მაინც უნდა.

ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდოამაზე განაცხადა. მას კითხვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დაუსვა.

"შესაძლებელია, არ ვიცი, ეს უფრო პრაგმატული გადაწყვეტილება იყოს საკითხის, რომ მეტი გამოცდილების კონტექსტით შევაფასოთ. შესაძლებელია ვიფიქრო, დავუშვათ, 40 წლის ასაკიდან", — თქვა მან გასაუბრებაზე.

ლევან მიქაბერიძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაშანიშნი 20-კაციანი სიიდან მე-11 კანდიდატია. მას სწორედ ასაკისა და ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილების გამო უწოდა "ჭყინტი" პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.