თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის გამო მიიღო.

პროკურორის თქმით, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მოწმეთა მოსმენა შესაძლებელი იყო და ამ მიზეზით მტკიცებულებები არ წარადგინა. სწორედ ამის გამო მხარეთა შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომა დასრულდა. პროცესი 11 ნოემბერს, 10 საათზე განახლდება.

დღევანდელ სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა. ის წინა სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დგება.

პროკურატურა აცხადებს, რომ მელია დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. მელიას კი ამბობს, რომ კითხვა დასვა.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა.