ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის სავარაუდო მუქარის წერილზე 17 ანაბეჭდია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სხვადასხა ციფრი მუსირებდა პრესაში, რამდენი ანაბეჭდი იყო. უნდა გითხრათ, რომ წერილი ექსპერტიზაზე გაიგზავნა ფოლდერში ჩადებული, ფოლდერი კონვერტში იდო, იქ კიდე ფურცლები იდო და როცა ათეულობით ანაბეჭდზე იყო საუბარი, აღმოჩნდა, რომ ეს ანაბეჭდები არის ყველა ამ დოკუმენტზე. თვითონ წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო. დანარჩენს გამოძიებასთან არ აქვს შეხება", — თქვა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, ახლა პროკურატურამ ეს ანაბეჭდები უნდა შეადაროს ბაზას და ადამიანები, რომელთა ანაბეჭდებიც წერილზე აღმოჩნდება, გამოკითხოს.

მამუკა ხაზარაძემ 18 ოქტომბერს თქვა, რომ სავარაუდო მუქარის წერილის დედანს პროკურატურას გადასცემენ.

მუქარის წერილი და ბრალდება გიორგი გახარიას

გიორგი გახარიასგან სავარაუდო მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე ამბობენ, რომ პროკურატურას წერილის ასლი გადასცეს, რომელიც უწყებამ მოგვიანებით გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

  • პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;
  • მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;
  • მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, "დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

გარდა ამისა, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ფიგურირებდა თიბისი ბანკის საქმეში. კერძოდ, ის იყო კომპანიების სამგორი ემისა და სამგორი თრეიდის მფლობელი. სწორედ ამ კომპანიებზე გასცა და უკან ისესხა ფული თიბისი ბანკმა.

9 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაზარაძეს გახარიას წერილი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

მამუკა ხაზარაძემ ეს ვარაუდი უარყო და განაცხადა, რომ ჯაფარიძე შუამავალი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ერთ მხარეს დგანან.