ტოდ ფილიპსის ახალი ფილმის, ჯოკერის პრემიერა 3 ოქტომბერს შედგა და მისმა შემოსავლებმა უკვე 700 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ფილმის შეფასებისას კინოკრიტიკოსები უჩვეულოდ არ ინანებენ საქებარ სიტყვებს, თუმცა მას არაერთი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მათ შორის ყველაზე მეტად აქტიური კი მომღერალი და ოსკარის მფლობელი მსახიობი, ჯარედ ლეტო აღმოჩნდა.

სანამ ხოაკინ ფენიქსი შემოგვთავაზებდა ჯოკერის პერსონაჟის ახლებურ ხედვას, მანამდე 2016 წელს Suicide Squad-ში სწორედ ჯარედ ლეტომ ითამაშა ამ ცნობილი ბოროტმოქმედის როლი. რამდენადაც დიდი იყო მოლოდინი, რომ ლეტო ამ მისიას წარმატებით შეასრულებდა, იმდენად იმედგაცრუებული დარჩა მაყურებელი მისი შესრულებით, მეტიც - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად ფილმის რეჟისორი, დევიდ ეირიც უკმაყოფილი იყო საბოლოო შედეგით, რის გამოც ჯარედ ლეტოს სცენები მაქსიმალურად შეამცირა ფილმში და მხოლოდ 10 წუთი დატოვა.

სულ ცოტა ხნის წინ კი Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, როცა ამ 47 წლის ვარსკვლავმა გაიგო, რომ ჯოკერის შესახებ დამოუკიდებელ ფილმს იღებდნენ, ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროექტი ჩაშლილიყო. წყაროზე დაყრდნობით, ის კომპანია Warner Bros.-ში ყველა თავის გავლენიან ნაცნობს დაუკავშირდა, რათა ფილმის გადაღება შეეჩერებინათ.

ამ ერთი შეხედვით აბსურდული ქმედების მიზეზს იმით ხსნიან, რომ Suicide Squad-ის გამოსვლის შემდეგ ჯარედ ლეტოს დაპირდნენ, რომ მისი შესრულებით ჯოკერის შესახებ დამოუკიდებელ ფილმს გადაიღებდნენ. შესაბამისად, ტოდ ფილიპსმა მას ეს შანსი წაართვა.

ამ ფაქტისგან დამოუკიდებლადაც ისე ჩანს ყველაფერი, რომ თვითმკვლელთა რაზმიდან ჯარედ ლეტო გამორიცხეს: ეკრანებზე მალე გამოვა ფილმი Birds of Prey, რომელიც ჰარლი ქუინის შესახებ იქნება და მის როლს სწორედ ჯარედ ლეტოს პარტნიორი, მარგო რობი შეასრულებს. თუმცა, როგორც ცნობილია, ფილმში ჯარედ ლეტო არ გამოჩნდება. სავარაუდოდ, არც 2021 წლისთვის დაგეგმილ Suicide Squad-ის რიმეიქში, რომელსაც ჯეიმს განი იღებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი წარმატებულიც აღმოჩნდა ტოდ ფილიპსის ფილმი და როგორი შეფასებებიც დაიმსახურა ხოაკინ ფინიქსის მიერ შესრულებულმა როლმა, ჯარედ ლეტოს ისღა დარჩენია ალბათ, რომ თავისი ჯოკერი წარსულში დატოვოს და აღარც სხვებს გაახსენოს იგი.