ავსტრალიის წამყვანმა გაზეთებმა ორშაბათის ნომრის მთავარი გვერდები შავად დაშტრიხეს. შეღებილ ტექსტს კი თან ახლდა წარწერა "საიდუმლო".

გამოცემების საპროტესტო აქცია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ 2018 წლის კანონის წინააღმდეგაა მიმართული. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი კანონი პრესის თავისუფლებას ზღუდავს.

აქციაში ოცზე მეტმა გამოცემამ, ტელევიზიამ და ონლაინგამოცემამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ავსტრალიის ყველაზე პოპულარულმა გაზეთებმა — The Daily Telegraph, Herald Sun, The Advertiser.

გამოცემები ითხოვენ, რომ ჯაშუშობის შესახებ კანონის გამოყენებით შეწყდეს გამომძიებელი ჟურნალისტებისა და მათი წყაროების დევნა.

მიმდინარე წლის ივნისში ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციასა (АВС) და კომპანია News Corp Australia-ში ორი საგამოძიებო მასალის გამო ჩხრეკა ჩატარდა. ABC-ის მასალა ეხებოდა სამხედრო დანაშაულს, რომელიც ავსტრალიელმა სამხედროებმა ავღანეთში ჩაიდინეს. მეორე შემთხვევაში კი საუბარია The Daily Telegraph-ის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც სპეცსამსახურები საკუთარ მოქალაქეებზე ჯაშუშობას აპირებენ. ორივე მასალა საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით დაიწერა.