თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმი, ქეთევან თარგამაძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე თქმით, მიღებული ტრავმა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

"სხეულის უმეტესი ნაწილი არის დამწვარი. პლუს, არის სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება. სპონტანურ სუნთქვაზეა, გონზეა, კონტაქტურია", — ამბობს ექიმი.

გურამიშვილზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დანარჩენი სამის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.