ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლას ფიქრობს, მაგრამ გადაწყვეტილი არ აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ გუნდის შეკრება, რომელიც მის პრინციპებს გაიზიარებს.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ არ გამორიცხავს კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ის არავის პარტიაში წასვლას არ აპირებს და ახალ გუნდს შეკრებს. კოალიციის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ის რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ასახელებს.

"მე ვთვლი, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთთან უნდა გვქონდეს გამართული ეკონომიკური ურთიერთობა და არ ვმალავ ამას. მე არ შევქმნი, არავითარ შემთხვევაში, კოალიციას იმ ძალასთან, რომელიც ამ პრინციპს არ ეთანხმება", — განაცხადა ქობულიამ მთავარი არხის ეთერში.

მანამდე ქობულიამ ისაუბრა იმაზე, რომ რუსული ბაზარი და რუსი ტურისტები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ რუსული და ამერიკული ბაზრების შედარებაც არასწორია, რადგან ამერიკაში დიდი კონკურენციაა.

"სად ამერიკაში გაყიდული ღვინო და სად რუსეთში გაყიდული ღვინოს რაოდენობა. მე როგორც ეკონომისტი გეუბნებით, ამერიკაში არის უდიდესი კონკურენცია და სანამ ჩვენ ამას გავყიდით სჭირდება წლები. ამ წლების განმავლობაში რა გინდათ, რომ ჩვენმა ხალხმა იშიმშილოს. იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული არ ვიყოთ?" — განაცხადა მან და დაამატა, რომ ასეთია მისი პრინციპები.

ეს საკითხი საქართველოში კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ტურისტული ემბარგო დააწესა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია ბაზრის დივერსიფიკაცია, რადგან რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ სხვა დროსაც გამოიყენებს.