თელავში მოძრაობა ქვეყნის სამსახურშის საპროტესტო აქცია დაიწყო. აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ერეკლე მეორეს მოედანზე არიან შეკრებილები. ისინი 20 ივნისის მოვლენებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

ე.წ. გავრილოვის ღამის 4 თვის თავზე აქტივისტებმა მსვლელობა გამართეს. ევროკავშირისა და ნატოს დროშებით მათ ქალაქის ქუჩები მოიარეს და ხალხს 17 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

თელავის მერიამ აქციის გამართვაზე აქტივისტებს უარი უთხრა და შესაბამისი წერილი გაუგზავნა. თუმცა, აქციის გასამართად ნებართვა საჭირო არ არის. მოძრაობის წევრებმა მერიის წერილი დაახვიეს და შენობაში დატოვეს.

#სირცხვილიამ სამთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია 20 სექტემბერს შეწყვიტა. აქტივისტებმა მანიფესტი გაავრცელეს და განაცხადეს, რომ შექმნიდნენ და გააძლიერებდნენ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც "მოსვენებას არ მისცემდნენ ივანიშვილის ლაქიებს". ასევე, იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევდნენ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს, შექმნიდნენ ახალ მედიაპლატფორმებს. მათივე გეგმით, ყოველ 20 რიცხვში რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.