შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, ესკალაციის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, ქართული მხარე სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

"[რუსმა სამხედროებმა] ერთი თვის წინ დააყენეს ბოძები, დღეს მოვიდნენ და უკვე რკინის ე.წ. სეტკის გაკვრა დაიწყეს ამ ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რამე განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება", — თქვა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ტერიტორიაზე ჟურნალისტებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ უშვებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ. უწყების ცნობით, ამასთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.