ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება სურთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც რუსთავი 2-ის საქმეზე გამოკითხეს.

მან გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, რადგან, მისივე ინფორმაციით, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

"არის მცდელობა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხდეს, რაც, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოვა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, [გამოკითხვაზე ჩვენი მუდმივად დაბარება] მთავარი არხისთვის ხელის შეშლაა", — თქვა გაბუნიამ.

გაბუნია პროკურატურაში რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

ამავე საქმეზე 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყვნენ რუსთავი 2-ის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი. გამოკითხვაზე დაიბარეს ნოდარ მელაძეც.

კიდევ უფრო ადრე, 2 ოქტომბერს თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გამოკითხვაზე ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.