საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ საზოგადოებაში მის დიპლომთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არასდროს არსებობდა. ის ურჩევს ყველას, ვისაც კითხვები დარჩა, პარლამენტში მის გამოსვლას ხელახლა მოუსმინონ.

"მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს", — განაცხადა თადუმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც წელიწადზე მეტია კითხვებს სვამენ და პასუხებს არ უსმენენ, "შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ". სავარაუდოდ, პროკურორი არასამთავრობო სექტორს გულისხმობდა, რადგან დღეს სხვა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ წელიწადნახევარია NGO-ები ერთსა და იმავე ინფორმაციას ავრცელებენ და არ აპირებს "პოლიტიკურ ბოდვას" უპასუხოს.

თადუმაძის დიპლომზე საუბრობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ისე ოპოზიცია და ხელისუფლება. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.

გაიგეთ მეტი: