შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები. მათი განცხადებით, მსგავსი ქცევა შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის.

უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატთან, მანდატურის სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოუწოდებს მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

"მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.

ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას", — წერია განცხადებაში.

უწყებებმა არასრულწლოვანის ოჯახთან მუშაობის სტრატეგია და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხები განიხილეს და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.

სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლე 7 წლის გოგოს ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც ის მაკიაჟით, საქორწინო კაბითა და გვირგვინით არის და ცეკვავს. მშობლების ფეისბუქგვერდიდან, რომელზეც ფოტოები საჯაროდ არის გამოქვეყნებული, ირკვევა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არასრულწლოვანი მაკიაჟითა და უფროსი ასაკისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლით დადის. გარდა ამისა, ფოტოებში ჩანს, რომ დედა შვილს იმის მსგავს ტანისამოსს, აქსექსუარებსა და მაკიაჟს უკეთებს, რაც მას აქვს. ფოტოგადაღებებში მონაწილეობს მამაც.

ოჯახის ახლობლები საზოგადოების კრიტიკას კომენტარებში ირონიით პასუხობენ და ჰგონიათ, რომ შფოთვის მიზეზი არ არსებოს. "მხარდასაჭერი" პოსტებით ისინი არასრულწლოვანის ფოტოების დამატებით ტირაჟირებას ახდენენ. ეს კადრები უკვე რამდენიმე ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა, რომელსაც ათიათასობით გამომწერი ჰყავს.

გაიგეთ მეტი: