პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური პროკურორის დიპლომის საკითხზე არასამათავრობოების მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტში ვერ შეჩერდება. მისი თქმით, მოსამართლეების კენჭისყრამდე ამოიწურება "დიპლომებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გაჩენილი კითხვები".

"ზუსტად არ ვიცი როგორი ფორმულირება ჰქონდა მათ მოთხოვნას მაგრამ ბატონი თადუმაძის კანდიდატურა ვერ შეჩერდება რადგან უკვე მოუსმინეს მას კომიტეტის სხდომაზე", — განაცხადა თალაკვაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ითხოვენ სრულყოფილ გამოძიებას თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად. მათ თქმით, პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს თადუმაძის კანდიდატურას, სანამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა.

თადუმაძის დიპლომზე საუბრობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ისე ოპოზიცია და ხელისუფლება. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.

გაიგეთ მეტი: