საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდასაჭერად USAID-მა ახალი 4-წლიანი პროგრამა დაიწყო. 14 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

აშშ-ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან მომავალ წელს ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის:

ფოტო: გვანცა ნემსაძე / on.ge

"ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საარჩევნო რეფორმა კარგი საშუალებაა გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც დაფიქსირდა წინა არჩევნებზე, რაზეც საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შეიქმნას თანაბარი და სამართლიანი გარემო ყველასათვის".

შვიდ სხვადასხვა პროგრამაში ჩართულია ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მათი მონაწილეობა ამ პროექტში გულისხმობს ახალგაზრდა ლიდერების გააქტიურებას საქართველოს მოწყვლადი რეგიონებიდან. საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს როლი იქნება დააკვირდნენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არჩევნების პროცესში.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / on.ge

საიას იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მათი პროექტი მოიცავს საარჩევნო პროცესებზე მონიტორინგს:

"ჩვენ გვაქვს სამი კომპონენტი: შევაფასებთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რაც ეხება არჩევნებს. ასევე პოლიტიკოსების მოქმედებებს, რომლებიც საარჩევნო გარემოზე მოახდენენ გავლენას და, ასევე, გვექნება პოლიტიკური თანასწორობის ინსტიტუტი რომლითაც შეფასდება სუსტი მარგინალიზებული ჯგუფების ჩართულობა პოლიტიკაში".

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის თქმით, პროგრამის ფარგლებში მათთვის გამოიყო დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარება, რაც მოიცავს სადამკვირვებლო საქმიანობას, სოციალური მედიის, დისკრედიტაციის კამპანიების მონიტორინგსა და საარჩევნო რეფორმებში ჩართულობას.

"USAID-ის ჩართულობა სწორედ ამას ემსახურება, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის, როგორიც შეეფერება ევროპული ღირებულებების გეზის მქონე ქვეყანას. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ძალიან სერიოზული ლაქა და ნეგატიურად აისახება საქართველოს განვითარებაზე".