ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან თქვა.

მისი თქმით, დანაშაულის ნიშნები აშკარაა.

"შეუძლებელია, რომ მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით. აქ არის ინტერესები და როგორც წესი, ინტერესები დაკავშირებულია ფულთან", — თქვა გოცირიძემ.

პატიმრების შეწყალების საქმე

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გამოკითხა. ჯერჯერობით, არ გამოუკითხავთ თავად ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გაირკვა, რომ შეწყალებულთა შორისაა, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ისე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გაბუნიამ თქვა, რომ შეწყალების საქმესთან მას კავშირი არ აქვს. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.