საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთვის სასჯელის განახევრების "გარკვეული განწყობა" ჰქონდა. ღამის მთავარში წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ჰკითხა, რატომ არ შეიწყალა მან დეკანოზი.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მამალაძის არშეწყალების მიზეზი არ ყოფილა:

"მაშინ იყო მიზეზი, რომ ბოლო შეწყალება საერთოდ არ განვახორციელე. მიზეზი, რომელიც პოლიტიკური არ იყო".

მარგველაშვილის თქმითვე, თავიდანვე მამალაძის ძალიან ბევრი უფლება დაირღვა, თუმცა ეთერითშეწყალების საქმის გარჩევა მას სწორად არ მიაჩნია.

გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა პრეზიდენტს არაერთხელ მიმართეს.

2018 წლის აგვისტოში მამალაძის საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა, თუმცა დადებითი რეკომენდაცია არ მისცა, რაც შემდგომში პრეზიდენტმაც გაიზიარა და მამალაძე არ შეიწყალა. ამავე წლის ოქტომბერში კი მორიგი შეწყალების აქტის დროს, კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ მამალაძის საქმე კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა.

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას მამალაძემ შეწყალების თხოვნით განცხადება ისევ შეიტანა. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავის თავს სასამართლო სისტემის ზემოთ აყენებს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.