ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება. როგორც მარგველაშვილმა მთავარს უთხრა, მას დაცვა "ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი რაღაცაში უნდა გამოიხატებოდეს".

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ 2018 წელს მიღებულ კანონში ის პირად შურისძიებას ხედავს:

"მე უფრო მადარდებს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, ვიდრე პერსონალური თემები".

წინა წელს მიღებული ცვლილების შესაბამისად გაუქმდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

მთავრობა დამოუკიდებლად დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა ერთი წლის გასვლის შემდეგ. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ასევე მათივე ოჯახის წევრებს, სამსახურის სხვა დასაცავ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ თუკი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.