საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განიხილა. კითხვა ამის შესახებ მას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ დაუსვა.

"ლავროვთან მქონდა საუბარი დეოკუპაციაზე, იმ პროცესების მიუღებლობაზე, რომელიც მიმდინარეობს. ასევე, მქონდა საუბარი გადასასვლელი პუნქტების შეზღუდვაზე და იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელშიც იქ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები ხვდებიან. მათ შორის, უკანონო დაკავება და მკვლელობის თემებიც მქონდა ნახსენები", — განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგიანობას, ზალკალიანმა განაცხადა რომ აზრი არცერთ მათგანს არ შეუცვლია.

"რა თქმა უნდა, იმის მოლოდინები არ მქონდა მე, რომ ის დამეთანხმებოდა. ჩვენს პოზიციებზე დავრჩით, მე ჩემს პოზიციაზე", — განმარტა ზალკალიანმა.

მანამდე ზალკალიანმა აღნიშნა ისიც, რომ ეს შეხვედრა იყო დროული და საჭირო. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. 2008 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს დიპლომატიური კონტაქტი არ ჰქონიათ.

შევხედრისა და მოლაპარაკებების დეტალებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ აინტერესებდათ, რატომ შეხვდა ზალკალიანი ლავროვს ისე, რომ წინასწარ ამის შესახებ არავინ იცოდა და მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც ზალკალიანი ამტკიცებს, შეხვედრის შესახებ მან წინა დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ისაუბრა და ეს გაშუქდა როგორც ტელევიზიით, ისე ონლაინმედიით.

რამდენიმე დღეში ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის ინიციატორი ქართული მხარე იყო. ეს ფაქტი საქართველოს საგარეო უწყებამ უარყო.

გაიგეთ მეტი: