სერიალ Friends-ის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა, მეგობრებთან - ლიზა კუდროუ, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, დევიდ შვიმერი და მეთ ლებლანკი - ერთად სელფი გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის რეკორდიც მოხსნა.

50 წლის მსახიობმა 1 მილიონი გამომწერი პირველ რამდენიმე საათში დააგროვა, 12 საათში კი მის პროფილს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

როგორც აღმოჩნდა, ენისტონის ანგარიშმა ძალიან მოკლე დროში გამომწერების შემოსევას ვერ გაუძლო და მისი პროფილი დროებით მიუწვდომელიც კი იყო, რაზეც მსახიობმა იხუმრა:

"მგონი ინსტაგრამი გავაფუჭე".

მსახიობმა ინსტაგრამზე დარეგისტრირებიდან პირველ 30 წუთში 116 ათასი გამომწერი მოიპოვა და ფლობს რეკორდს, როგორც პროფილი, რომელმაც მილიონი გამომწერი ყველაზე სწრაფად დააგროვა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ამ რეკორდს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის ანგარიში ფლობდა, რომელიც 5 საათსა და 45 წუთში გამოიწერა მილიონმა ინსტაგრამერმა. ენისტონმა ამ რაოდენობის გამომწერი 5 საათსა და 16 წუთში მოიპოვა.

"გეფიცებით, არ მინდოდა. მადლობა გულთბილი და ავარიული დახვედრისთვის", — იხუმრა ჯენიფერმა ინსტაგრამზე თავის მეორე პოსტში.

მსახიობს ინსტაგრამზე დარეგისტრირებას გულთბილად შეეგებნენ ვარსკვლავები. მათ შორის რიზ უიზერსპუნი, ქეით ჰადსონი, მერაია ქერი, კორტნი კოქსი და ჯენიფერ ლოპესი.

ენისტონს ინსტაგრამზე ახლა 11 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მისი პირველი პოსტი კი 12 მილიონზე მეტჯერაა მოწონებული.