დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მოძრაობა ლელოს წევრმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ გაავრცელა, დვალმა კი On.ge-ს დაუდასტურა.

დვალის განცხადებით, ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელსაც 2004 წელს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.

კოჟორიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ეს საქმე შეისწავლა, გამოსავალი იპოვა, ჯარჯი/აქიმიძეს შეხვდა, მათ მოეწონათ ეს გზა და მუშაობა დაიწყეს.

"რუსთავი 2-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი", — ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე. პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ - ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა", — აღნიშნავს კოჟორიძე.

მისივე ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ხვალ, 17 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრებენ.

რუსთავი 2-ის საქმე

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.

ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.

2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.