ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოწევის საწინააღმდეგო მედიკამენტები გადასახადებისგან გათავისუფლდება. პარლამენტის პლენარულ სესიაზე კანონპროექტი თავად ზოიძემ წარადგინა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში მწეველების რიცხვის შემცირებაა.

"მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სამედიცინო საშუალება, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ამ ჩვევისგან გათავისუფლებაში. შესაბამისად, გთავაზობთ რომ მხარი დავუჭიროთ ცვლილებას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი სამკურნალო წამალი, რომელიც მეცნიერულადაა დამტკიცებულია და რომელიც ეხმარება თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებას, იყოს გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და იმპორტის გადასახადისგან", — თქვა ზოიძემ.