ტელეკომპანია პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის განცხადებით, დღეიდან ტელევიზიას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა.

"ინგა პირველზე იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან "რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში", — წერს წერეთელი ფეისბუქგვერდზე.

საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია განცხადება დირექტორის ცვლილების შესახებ.

ახალ პოზიციაზე დანიშვნის შესახებ გრიგოლიამ ფეისბუქგვერდზეც დაპოსტა და აღნიშნა, რომ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს იწყებს.

"როცა სამსახურიდან გამოგდებულმა ტვ პირველს შევაფარე თავი და ყველამ ერთად ნულიდან დავიწყეთ ახალი ტელევიზიის კეთება. მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც ტვ "პირველი" დაიწყო: ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან,მძღოლებიან, ტექპერსონალიან, ჟურალისტებიან, პროდუსერებიან, მენეჯერებიანად. დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ეხლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ.არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით.ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს", — წერს ის.