თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა "საზოგადოებას ეჭორავება". ამის შესახებ კალაძემ დღეს, 16 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

"დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას".

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა 2020 წლამდე გაუხანგრძლივა. 15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის "საბოტაჟირება მოახდინა" ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. ლევან ახვლედიანის თქმით, კულუარებში მთავრობამ არერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ "ანაკლია არაა რენტაბელური" ან "კომერციულად გამართლებული".