ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად შეხვედრისას უთხრა, თუ "რა უნდოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში". ამის შესახემ მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე, გადაცემა ღამის მთავარში სტუმრობისას ისაუბრა:

"არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი 2017 წელს. მე სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. ბიძინა ივანიშვილს შევხვდი რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, რომ შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. მე მეგონა რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე... მითხრა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო პრემიერად რომ დავნიშნეო, რაღაც სალაპარაკო გვქონოდა ხალხთანო. ახლა მე ვფიქრობდი, სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო. ახლაო ძალიან ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო. ვკითხე, ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, მიპასუხა, ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო".

მამუკა ხაზარაძის თქმით, "საქართველო მიექანება არა დასავლეთისკენ, არამედ, ჩრდილოეთისკენ", მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი და საზოგადოება მოატყუა, როდესაც მოგვიანებით თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია. ხაზარაძემ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისას ანაკლიის თემაზე გამართული შეხვედრა გაიხსენა:

"2017-ში ვხსნით მშენებლობას, გახსოვთ ის სურათი, სადაც ყველა ვდგავართ. 2018 წლის გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, კვირიკაშვილის მირეკავს და მეუბნება ბიძინა ივანიშვილთან ვარ დაბარებული ანაკლიის თემა უნდა განვიხილოთო. იმ შეხვედრას ესწრებოდა გიორგი კვირიკაშვილი, მე ბადრი ჯაფარიძე, ლევან ახვლედიანი, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი. იმ შეხვედრაზე მან თქვა, რომ მას ჰქონდა სხვა აზრი ანაკლიაზე. ახლა, როცა დაბრუნდა პოლიტიკაში, ის მიიჩნევს, რომ ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი... ამის მერე გიორგი კვირიკაშვილი მიემგზავრება ამერიკაში და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ბრუნდება და 2-3 კვირაში ხსნიან. სამ კვირაში იწყებენ გამოძიებას თიბისი ჯგუფის მიმართ".

დღეს, 15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის "საბოტაჟირება მოახდინა" ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში. მისივე თქმით, კულუარებში მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ "ანაკლია არაა რენტაბელური" ან "კომერციულად გამართლებული".

დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმის წარდგენილი დოკუმენტაცია მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

ამავე თემაზე: