თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის შუაღამიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

განახლებული სქემის მიხედვით, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება.

რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. ჭავჭვაძის გამზირის პიქსელიდან ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან - მარჯვნივ.

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის პირველი მონაკვეთი 29 მაისიდან გადაიკეტა. გზის რეაბილიტაციის გარდა, თბილისის მერია გეგმავს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოაწყოს საფეხმავლო ბილიკები, დააყენოს ახალი განათებები, დაიწყოს გამწვანებითი სამუშაოები და მოაწყოს საავტობუსო ზოლები. მერია ასევე გეგმავს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ურნები მიწის ქვეშ ჩაიტანოს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.