თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პორტალის მობილური აპლიკაცია უნივერსიტეტის ნაცვლად სხვა პირებმა შექმნეს. lms.tsu.ge საიტია, სადაც სტუდენტის პირადი მონაცემები, მათ შორის პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, სასწავლო განრიგი და სხვა დეტალებია თავმოყრილი.

დღეს, 15 ოქტომბერს თსუ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ LMS.tsu-ს აპლიკაცია, რომელიც Google Play-სა და App Story-ზე ყველასთვის ხელმისაწვდომია მათ არ ეკუთვნით.

"გთხოვთ, არ გადმოტვირთოთ აპლიკაცია მობილურ ტელეფონში და არ შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნული საკითხის გარკვევაზე", — წერია განცხადებაში.

უნივერსიტეტმა lms.tsu-ს გამოყენება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ამ პორტალზე და იქ თავმოყრილ მონაცემებზე წვდომა წესით მხოლოდ უნივერსიტეტს აქვს. სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი მობილური აპლიკაცია ამ დრომდე არ აქვს.