ამერიკული რადიოს წამყვანი ჰოვარდ სტერნი პირველად გამოჩნდა ელენ დეჯენერესის შოუში და მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. შოუს განმავლობაში მან წამყვანს ტუჩებში აკოცა და ასევე, ცოლთან, ბეთ სტერნთან საქორწინო ფიცი განაახლა.

როგორც სტერნმა ელენს უთხრა, მას სულაც არ უნდოდა ესაუბრა მის და ჯორჯ ბუშის მეგობრობაზე, რის გამოც ელენი უამრავმა ცნობილმა ადამიანმა გააკრიტიკა. ჰოვარდს უფრო სკანდალური ამბით საკამათო თემის გადაფარვის იდეა მოუვიდა და წამყვანს ტუჩებში კოცნა შესთავაზა:

"როცა მაყურებელი შენ ჩემთან ერთად დაგინახავს, ჯორჯ ბუშზე აღარავინ იფიქრებს".

იმის მიუხედავად, რომ ამ სიტყვებით გაოცებულ ელენს წამიერად სახე გაეყინა, ის დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით — ენა არც ერთს უნდა გამოეყენებინა.

ელენი ლესბოსელია და 11 წელია დაქორწინებულია პორშა დე როსზე. სტერნის კითხვაზე, თუ რომელ კაცს აკოცებდა ტუჩებში, ელენმა უპასუხა, რომ კოლინ ფარელს ან ლეონარდო დიკაპრიოს. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავებმა ცოტა იცინეს, მათ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს.

"ეს კადრი ამერიკას დაავიწყებს, რომ ჯორჯ ბუშის გვერდით იჯექი", — დასძინა სტერნმა.

დეჯენერესი ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსთან ერთად ამერიკული ფეხბურთის ყურებისას ოქტომბრის დასაწყისში დააფიქსირეს. ისინი თამაშს პარტნიორებთან, პორშა დე როსთან და ლორა ბუშთან ერთად ესწრებოდნენ. ელენი ლიბერალი დემოკრატია და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი კი კონსერვატორი რესპუბლიკელი.

"მე ვმეგობრობ ჯორჯ ბუშთან. სინამდვილეში ბევრ ისეთ ადამიანთან ვმეგობრობ, რომლებიც ჩემს რწმენას და შეხედულებებს ყველაფერში არ იზიარებენ. ჩვენ ყველანი განვსხვავდებით და მგონი დაგვავიწყდა, რომ უფლება გვაქვს, განსხვავებულები ვიყოთ", — თქვა ელენმა თავის გადაცემის მონოლოგში გასულ ორშაბათს.

ამავე თემაზე: