ყველასთვის ცნობილია, რომ მცენარეები სახლს სულს სძენენ და მათ ზოგადად დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ, ოღონდ იქამდე, სანამ ცოცხლები არიან. თუ ძალიან დაიღალე იმით, რომ შენზე დამოკიდებული მცენარეები ჭკნებიან და ხმებიან, ხელი არ ჩაიქნიო. ნახე მცენარეები, რომელთა მოკვლაც ძალიან გაგიჭირდება:

1. ZZ მცენარე

ფოტო: Stephanie Lee

ამ მცენარეებს ნათელი ფოთლები აქვთ და ცოტა ყურადღება სჭირდებათ.

სახელი: ზამიოკულკას ზამიფოლია, თუმცა ზიზი შეგიძლია დაუძახო.

დამოკიდებულება შუქთან: ბედნიერია, თუ საშუალო განათებაში მოათავსებ, თუმცა არც ისე ნათელი ოთახიც შეიძლება

მორწყვა: მხოლოდ მაშინ, როცა მიწა ბოლომდე გამომშრალია.

რატომ არის იდეალური შენთვის: ეს მცენარე საუკეთესოდ ხარობს, თუ მის შესახებ დროდადრო დაივიწყებ ხოლმე.

2. სენსევიერია ანუ "გველი" მცენარე

ეს მცენარე სუპერპოპულარულია ინსტაგრამზე და მისი მრავალი ვარიაცია არსებობს: მაღალი, დაბალი, სხვადასხვანაირი ფოთლებით და ფერით.

სახელი: სენსევიერია ტრიფასკიატა

დამოკიდებულება შუქთან: ფანჯრიდან მოშორებით თუ დადგამ, კარგი იქნება, სააბაზანოშიც კი შეუძლია გაიხაროს.

მორწყვა: 7-14 დღეში ერთხელ. მორწყვამდე შეამოწმე, რომ მიწა მშრალი იყოს.

რატომ არის იდეალური შენთვის: ნასა ამბობს, რომ ეს მცენარე საუკეთესოდ ასუფთავებს ჰაერს.

3. რეზინის ხე

ფოტო: Scott Webb

თუ სახლში მოზრდილი ხის მსგავსი მცენარე გინდა, რომელსაც მუქი, დიდი ფოთლები აქვს, ფიკუს ელასტიკა შენთვის ზედგამოჭრილი იქნება.

სახელი: ფიკუს ელასტიკა

დამოკიდებულება შუქთან: უყვარს გაფანტული შუქი, ცუდად განათებულ ოთახში ვერ გაიხარებს, თუმცა პირდაპირი შუქის ქვეშაც არ უნდა მოათავსო.

მორწყვა: ზამთრის თვეებში თვეში ერთხელ ან ორჯერ მორწყვაც ეყოფა. ზაფხულში კი შეგიძლია სველი ტილოთი დაანოტივო ფოთლები. თუ ფოთლები დაცვენას დაიწყებს, ესე იგი, მორწყვას უნდა მოუმატო, ხოლო თუ გაყვითლდება ან გაყავისფრდება, ეს იმის ნიშანია, რომ ცოტა უნდა მოუკლო.

რატომ არის იდეალური შენთვის: რეზინის ხე სწრაფად იზრდება, ასე რომ, ვინც მცენარეებში კარგად ვერ ერკვევა, ადვილად მოტყუვდება, რომ იდეალური გამმწვანებელი ხარ.

4. ფოტოსი

ფოტო: Joloei / Getty Images

სინათლე: ნებისმიერ განათებაში კარგად იქნება: განათებულში, ისე რა განათებულში, არაპირდაპირ განათებაში.

მორწყვა: მხოლოდ მაშინ უნდა მორწყა, თუ ფოთლები მოწყენილად გამოიყურება.

რატომ არის იდეალური შენთვის: ისევე, როგორც გველ მცენარეს, არც ფოტოსს სჭირდება ბევრი სინათლე და იდეალურია დაკიდებული ქოთნებისათვის. ბევრი ყურადღება არ სჭირდება და იზრდება, იზრდება, იზრდება სამუდამოდ.

5. ობობა მცენარე

ფოტო: Lynne Brotchie / Getty Images

სახელი: ქლოროფიტუმ კომოსუმი

სინათლე: როგორც წესი, მაქსიმალური ზრდისთვის ნათელი გარემო ურჩევნია, თუმცა არაპირდაპირი და შედარებით ცოტა შუქიც ეყოფა.

მორწყვა: რეგულარული მორწყვა სჭირდება, თუმცა იმდენი წყალი არ უნდა დაასხა, რომ მიწა ბოლომდე დარბილდეს.

რატომ არის იდეალური შენთვის: რთულია, ამ მცენარის მოვლაში შეცდომები დაუშვა და თუ კარგი პატრონი იქნები, ობობა უამრავ შთამომავალს გაიჩენს, რომელიც შეგიძლია სხვაგან გადარგო ან მეგობრებს აჩუქო.

6. ფიტონია

ფოტო: Scott Webb

დამოკიდებულება შუქთან: უყვარს არაპირდაპირი სინათლე, თუმცა კარგად განათებულ ოთახში უნდა იყოს

მორწყვა: შეუნარჩუნეთ ნოტიო ნიადაგი

რატომ არის იდეალური შენთვის: ამ მცენარეს ნოტიო გარემო უყვარს და ბევრი მოვლა არ სჭირდება, ასე რომ, სააბაზანოსთვის მშვენიერი არჩევანი იქნება.

7. შეფლერა

ფოტო: Josh Frog

სახელი: ქოლგა, ჰეპტაპლეურუმი

დამოკიდებულება შუქთან: კარგად განათებული ოთახი, თუმცა არაპირდაპირი შუქი საუკეთესო იქნება მისთვის

მორწყვა: წყლის დასხმამდე ნიადაგი აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს.

რატომ არის იდეალური შენთვის: გარდა იმისა, რომ უსაყვარლესია, გადარგვას და დაავადებებსაც მშვენივრად უმკლავდება.

8. ბამბუკი

ფოტო: Stephanie Lee

სახელი: იღბლიანი ბამბუკი

დამოკიდებულება შუქთან: სჭირდება არაპირდაპირი, თუმცა კარგი განათება (დაბალ განათებაზეც შეუძლია იარსებოს)

მორწყვა: ნიადაგი არ სჭირდება, წყალი კი რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა გამოუცვალო. რამდენიმე წვეთი სასუქი თითოეულ გამოცვლაზე მცენარეს დიდხანს ეყოფა.

რატომ არის შენთვის იდეალური: ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო ისაა, რომ დააკვირდე, როდის შეიცვლის წყალი ფერს.

9. კალათეა

ფოტო: Elizabeth Fernandez / Getty Images

სახელი: ფარშევანგა, ზებრა მცენარე, კათედრალის მცენარე, ჩხრიალა

დამოკიდებულება შუქთან: უყვარს არაპირდაპირი, თუმცა კარგი განათება

მორწყვა: ეცადე, ნიადაგი მუდმივად ნოტიო იყოს. ქლორიანი წყალი მასზე ცუდად მოქმედებს, ასე რომ გამოიყენე წვიმის წყალი ან გამოხდილი წყალი.

რატომ არის იდეალური შენთვის: კალათეა საკმაოდ შეუპოვარია და ცუდ პირობებშიც კი დიდხანს ცოცხლობს. კარგად მოვლის შემთხვევაში კი სწრაფად იზრდება.

10. პეპერომია

ფოტო: Joloei / Getty Images

სრული სახელი: პეპერომიას ათასობით სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია პეპერომია ალგერატა და პეპერომია არგირეია

დამოკიდებულება სინათლესთან: საშუალო განათებაში ან დაბალ განათებაში თავს კარგად გრძნობს და ოფისის თეთრ შუქშიც შეუძლია გაიხაროს.

მორწყვა: ამ შემთხვევაშიც ნიადაგის გამოშრობას უნდა დაელოდო მორწყვამდე

რატომ არის იდეალური შენთვის: პეპერომია ადვილად მოსავლელია და იდეალურია სამსახურში მაგიდაზე დასადგამად. თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ საზამთროს ჰგავს, რაც ერთი-ორად უმატებს ქულებს ჩვენს თვალში.

აბა, მზად ხარ შენი ოთახის ამაზონის ჯუნგლებად გადასაქცევად?

ფოტო: Olivia Moore