Breaking Bad-ის მსახიობი რობერტ ფორსტერი ელ კამინოს პრემიერს დღეს გარდაიცვალა. მისი ბოლო როლი სწორედ ელ კამინოში შედგა, რომელშიც ის, სერიალის მსგავსად, ედ გელბრაითის პერსონაჟს ასახიერებდა.

რობერტ ფორსტერი ელ კამინოში.

ფოტო: Netflix

ფორსტერის გარდაცვალებას აარონ პოლი და ბრაიან კრენსტონი გამოეხმაურნენ:

"ჩემი ძვირფასი მეგობრის გარდაცვალებამ გული მომიკლა. ღმერთო ჩემო. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ვიცნობდი ამ ლამაზ კაცს და მასთან ერთად ვმუშაობდი. ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო, რომელსაც თავისი საქმე უყვარდა. მიყვარხარ მეგობარო და მადლობა, რომ შენც გიყვარდი. შენ იყავი და ყოველთვის იქნები ლეგენდა".

"შემძრა ახალმა ამბავმა რობერტ ფორსტერის გარდაცვალების შესახებ. ის საოცარი კაცი და სრულყოფილი მსახიობი იყო. ფორსტერს 40 წლის წინ ფილმის Alligator გადაღებაზე შევხვდი და ამის შემდეგ იყო Breaking Bad. არასდროს დამავიწყდება როგორი კეთილი და გულუხვი იყო ის ჩემს მიმართ, რომელსაც ჰოლივუდში ფეხი ახალი შებიჯებული მქონდა. მშვიდად განისვენე ბობ".

ფორსტერი ოსკარის ნომინანტი მსახიობია. მან ნომინაცია ტარანტინოს ფილმში, ჯეკი ბრაუნი განსახიერებული როლისთვის 1998 წელს მიიღო. ფორსტერი 100-ზე მეტ ფილმში და სერიალშია გადაღებული, მათ შორის დევიდ ლინჩის მალჰოლანდ დრაივსა და ტვინ პიკსში. ლინჩის საკულტო სერიალში ის პოლიციელის, ფრენკ ტრუმენის როლს ასრულებდა.

"იღბლიანი ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის შანსი მქონდა. ის საოცარი ადამიანი და მსახიობი იყო, ძალიან მომენატრება", — თქვა ლინჩმა Deadline-თან საუბრისას.

რობერტ ფორსტერი ტვინ პიკსში.

ფოტო: Showtime

ფორსტერს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ის 78 წლის იყო.