გორის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა, ლარისა ჩადუნელმა დაუდასტურა. სხდომა დღეს, 13 ოქტომბერს გაიმართა. პროცესს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი უძღვებოდა.

პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 12 ოქტომბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მათივე თქმით, ხელყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია შემთხვევის ადგილიდანაც.

ბრალდება აცხადებს, რომ ირაკლი დეკანოიძემ ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ყოფილ ცოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.