შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგოს შეყვა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.