6.3 კილომეტრის სიგრძის კორინთოს არხი უმოკლესი საზღვაო გზაა, რომელიც იტალიურ პორტებს ბერძნულ გემმისადგომებთან აკავშირებს. ამ არხში 1893 წლიდან აქტიურად მოძრაობენ ნავები თუ სხვადასხვა მცირე ზომის საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ არასდროს დიდი მოცულობის გემები, რადგან არხი ზოგიერთ მონაკვეთში კლდიანი სანაპიროების გამო ძალიან ვიწროვდება.

თუმცა ამ ფაქტს არ შეუშინებია Braemar-ის საკრუიზო გემის კაპიტანი, რომელმაც განიზრახა, რომ თავისი გამბედაობით რეკორდი მოეხსნა. მართლაც, 27 სექტემბერს არხში შეცურა გემმა, რომლის სიგრძეც 195.82 მეტრი და წონა 24,344 ტონა იყო. ამ მოგზაურობისას კრუიზში 929 მგზავრი იმყოფებოდა.

გემის ეს მარშრუტი განსაკუთრებით სახიფათო იმიტომ იყო, რომ სიგანეში ის 22.25 მეტრი იყო, კორინთოს არხი კი ძირითადად სულ რაღაც 25 მეტრი სიგანისაა. ერთი შეხედვით ამ წარმოუდგენელი რისკის მიუხედავად, გასულ ოთხშაბათს საკრუიზო გემმა მოგზაურობა მშვიდობიანად დაასრულა.

"Braemar ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი საკრუიზო გემი, რომელსაც კორინთოს არხი გადაუცურავს", - განაცხადა ამ გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა, ფრედ ოლსენმა.

ფოტო: Fred Olsen