სირიაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო გერმანიამ თურქეთისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანის თქმით, ისინი აღარ მიაწოდებენ იარაღს, რომელიც შესაძლოა, თურქეთმა სირიაში გამოიყენოს.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იარაღის აკრძალვამ მათზე გავლენა არ იქონია.

2018 წელს გერმანიამ თურქეთს 243 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა. 2019 წლის პირველ ოთხ თვეში კი თურქეთმა გერმანიიდან 184 მილიონი ევროს იარაღი შეიძინა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მათი მიზანია სირიის საზღვარზე ქურთებისგან და ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან თავისუფალი ზონა შეიქმნას. როგორც ოფიციალური ანკარა აცხადებს, ამით 1-2 მილიონი სირიელი ლტოლვილი თავის საცხოვრებელს დაუბრუნდება.

სამხედრო თავდასხმაში მონაწილეობს ავიაცია, არტილერია და სხვადასხვა სამხედრო დანაყოფი. თავდასხმა ქურთების მიერ კონტროლირებად ოთხ ძირითად ქალაქზე დაიწყო, რის გამოც ათასობით ადამიანმა საკუთარ საცხოვრებელი დატოვა. დაღუპულებს შორის არიან როგორც ქურთი მებრძოლები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

თავდასხმის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ თურქეთი გააკრიტიკა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თურქეთის ქმედებებს არ ამართლებს და სერიოზული სანქციების გატარებით იმუქრება. გარდა ამისა, ოპერაციის დაწყებამდე აშშ-მ რეგიონიდან საკუთარი სამხედროები გამოიყვანა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიო გუტიერეშმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე სიტუაციის გამო, ხოლო ფედერიკა მოგერინიმ თურქეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.