შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანა და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის დროს დააკავეს, პირადი ჩხრეკისას კი 60 შეკვრად დაფასოებული მეტადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.