ქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მეტროში ხალხის რაოდენობის ზრდას ტაქსების რეგულაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადნონ პოლიტიკური ოპონენტები ამ თემის ტაქსებთან დაკავშირებას, კავშირი "საერთოდ არ აქვს".

"ტაქსებს ჰყავს თავისი კონტიგენტი, ადამიანები, ვინც სარგებლობს. სულ სხვაა მეტროს მგზავრები, ავტობუსით მოსარგებლე მგზავრები, მიკროავტობუსით კიდევ დამატებით. არანაირი კავშირი არ აქვს მეტროსთან. მეტროში ეს პრობლემები იყო, სანამ რეფორმა დაიწყებოდა და კონკრეტულად ეს უკავშირდება ვაგზლის მოედანს", — განაცხადა მან ქრონიკის ეთერში.

კალაძემ განმარტა, რომ ვაგზლის მოედანზე არის გვირაბისა და კიბეების გამტარიუნარიანობის პრობლემა.

"ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, შეგვიძლია წამოვადგინოთ, 2015 წლიდან იზრდება მგზავრების რაოდენობა მეტროში. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, მეტროში მგზავრების გადააადგილებას და მატარებლის მისვლის დროს აკვირდებიან და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.

რამდენიმე დღის წინ კალაძემ მოსახლეობას, რომელსაც მომავალში ტაქსის ტარიფის ზრდა შეაწუხებს, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ურჩია. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს არ უგულისხმია და მისი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად კარგი გახდეს, რომ ტაქსის ნაცვლად ხალხმა მეტრო და ავტობუსი აირჩიოს.

პირველი ოქტომბრიდან თბილისის ქუჩებში მგზავრის აყვანა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა და რიგ შემთხვევებში გაიზარდა ტაქსის ღირებულებაც. ამავდროულად, მეტროში გაიზარდა ხალხის რაოდენობა.