პოლიტიკური მოძრაობა გირჩის განცხადებით, საგანმანათლებლო სერვისი ბორბლებზე ანუ შმAXI შეგიძლიათ ტელეფონითაც გამოიძახოთ. ნებისმიერ პირს, ვისაც შმAXI-ის გამოძახება ენდომება, უნდა დარეკოს ნომერზე — (032) 2 052 420.

პარტიის განცხადებით, "შმაქსისტებს" საგანმანათლებლო პაკეტსაც მიაწოდებენ. კერძოდ, ისინი CD დისკებით მიიღებენ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს. მათი თქმით,"შმაქსისტებს" ელექტრონულად ჩამოტვირთვის რამდენიმე გზაც ექნებათ.

გირჩმა გადაწყვიტა ტაქსების რეგულაცია "საგანმანათლებლო ბიზნესით" გააპროტესტოს. "თავისუფლების იდეის გასავრცელებლად" პარტიამ შმAXI შექმნა. "დიპლომიანი მძღოლები" თბილისის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებენ და მგზავრებს "სალექციო კურსს" შესთავაზებენ. გირჩში უნდათ, რომ შმAXI-ის მძღოლებმა მგზავრებს აუხსნან "რას ნიშნავს თავისუფლება".

შინაგან საქმეთა სამსახურის საპატრულო პოლიციამ შმAXI-ის სამი მძღოლი დააჯარიმა, მათ შორის, ორი ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო, მესამე კი ფერის შეუსაბამობისთვის. უწყების ცნობით, მგზავრებმა მათ დაუდასტურეს, რომ შმAXI ფასიან მომსახურებას უწევდათ, სხვა დამატებითი დანიშნულების გარეშე.

გირჩის შმAXI მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თუკი ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან".