საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 16 პირის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ. საია ამ პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს.

16 პირისათვის, მათ შორის 8 ჟურნალისტისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა. ორგანიზაციის განმარტებით, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა, ასევე, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

"პროკურატურა ადასტურებს, რომ "მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს", თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები", — ამბობენ საიაში.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მათივე თქმით, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას დაზარალებულის უფლებების დასაცავად არსებითი მნიშვნელობა აქვს.

მანამდე საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მათ შორის დაზარალებულად ცნობილი არაა, მაკო გომური და გიორგი სულუაშვილი. ორივე მათგანმა აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.