დედამიწაზე თევზი ასობით მილიონი ადამიანისთვის საკვების მთავარი წყაროა, მისი რაოდენობა კი ოკეანეებსა და ზღვებში მუდმივად იკლებს. ქვეყნები ცდილობენ, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო შეთანხმება შედგეს, რომელიც მთავრობებს თევზჭერის სუბსიდირებას აუკრძალავს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მთავარ შტაბ-ბინაში მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, ამავდროულად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მთავრობები თევზჭერას კი არ ზღუდავენ, არამედ ახალისებენ და მას დაფინანსებას უზრდიან.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 152 ქვეყნის მაგალითზე დაადგინეს, რომ ზღვაოსანმა ერებმა 2018 წელს ზიანის მომტან სუბსიდიებზე $22 მილიარდი დახარჯეს — ეს იმ თანხის 63 პროცენტს შეადგენს, რაც მსოფლიოში თევზჭერის ინდუსტრიის მხარდასაჭერად იხარჯება.

ეს 2009 წელთან შედარებით 9-პროცენტიანი ზრდაა. ზიანის მომტან დაფინანსებაში იგულისხმება ისეთი სუბსიდიები, რომლებიც გადაჭარბებულ თევზჭერას და არალეგალურ თევზაობას ახალისებს, რომლებიც, სუბსიდიების გარეშე ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნებოდა. ამის კარგი მაგალითი საწვავის ხარჯების სახელმწიფოს მიერ საკუთარ თავზე აღებაა, რის შემდეგაც კომპანიებს თევზჭერის განხორციელება ბევრად უფრო ფართო არეალზე შეუძლიათ.

საწვავის სუბსიდირებამ წინა წელს მთლიანი სუბსიდირებების 22 პროცენტი შეადგინა.

ჩინეთმა, რომელიც თევზჭერის ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, ზიანის მომტანი სუბსიდიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 105 პროცენტით გაზარდა.

მეცნიერებისა და ექსპერტების თქმით, გლობალური დათბობა წყლის ეკოსისტემებს ზიანს აყენებს და ახალი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ზიანის გამომწვევ პრაქტიკებს აკრძალავს, კრიტიკულად აუცილებელია.

"ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ თევზის მარაგი იცლება და მთავრობის დაფინანსება ოკეანეებს აზიანებს. შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 2019 წლის ბოლოა, მოლაპარაკებები უფრო ინტენსიური ხდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები კომპრომისებზე უნდა წავიდნენ, რათა შეთანხმება შედგეს. ახლა მოქმედების დროა", — აცხადებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო.

გაეროს თქმით, კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი თევზის სახეობების მესამედის თევზჭერა ისეთი ტემპებით მიმდინარეობს, რომელთა შენარჩუნებაც ბიოლოგიურად შეუძლებელია, ხოლო პოპულაციების 90 პროცენტი კი სრულად ექსპლუატირებულია.

მაგალითად, წყნარი ოკეანის ლურჯფარფლიანი თინუსის პოპულაცია ისტორიულ დონესთან შედარებით 97 პროცენტითაა შემცირებული, ამის მიზეზი გადაჭარბებული თევზჭერაა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები, რომლებმაც თევზის საკუთარი რესურსი ამოწურეს, თევზჭერა საერთაშორისო და სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში დაიწყეს. მაგალითად, ჩინეთს 3 000-ზე მეტი გემი ჰყავს, რომელიც აფრიკის, ანტარქტიკის და წყნარი ოკეანის წყლებში თევზაობს.

ბრიტანეთის კოლუმბიის მეცნიერების თქმით, ყველაზე მეტ სუბსიდიას ჩინეთი გასცემს. 2018 წელს ქვეყანამ თევზჭერის სუბსიდირებისთვის 7,2 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მთელი მსოფლიო დანახარჯის 21 პროცენტია.

გასულ წელს ჩინეთმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ისინი საზღვარგარეთ მყოფი ჩინური თევზსაჭერი გემების რაოდენობას 3 000-მდე შეზღუდავენ და საწვავის სუბსიდირებასაც შეამცირებენ.

კვლევაში მითითებულია ისიც, რომ სუბსიდიების ზრდა, ნელ-ნელა, თითქოს წყდება, თუმცა ევროკავშირმა ივნისში თევზჭერი ინდუსტრიის გასაფართოებლად სუბსიდიები აღადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაცემული საზიანო სუბსიდიების ნახევარზე მეტი მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე მოდის. თუ ეს ქვეყნები ამ პრობლემის გადაჭრას გადაწყვეტენ, ჩვენ დადებით ცვლილებას სწრაფადვე დავინახავთ, რის შედეგადაც წყლის ეკოსისტემები აღდგენას დაიწყებს და ჯანსაღ ოკეანეს მივიღებთ.