ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ირაკლი ბათიაშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგმა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა.

საქმე "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ 2006 წლის ივლისში მონადირის ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

"საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება მონადირის ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო", — განმარტავს სამინისტრო.

მათივე თქმით, რუსთავი 2-ის ეთერით სატელეფონო საუბრის დამონტაჟებული ვერსია გავრცელდა, რომელშიც ბათიაშვილი და კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი ემზარ კვიციანს დახმარებას:

"იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას".

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება და ამ ფორმით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა.