თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში ტაქსების დეფიციტი არ არის და არც ტაქსის საფასური გაზრდილა. ამის შესახებ მან კვირას პრესკლუბში განაცხადა.

"ბოლოსაც კი გადავამოწმე. გამოვდიოდი კონკრეტულ მისამართზე და შევამოწმე რა შეიძლებოდა შემოეთავაზებინა ტაქსის კომპანიას. შემომთავაზა იგივე ტარიფი, რაც იყო მანამდე. [ტარიფის ზრდა] ეს იყო პირველ დღეს, როდესაც ისარგებლეს მძღოლებმა, როდესაც ადამიანები ტაქსის ნებართვის ასაღებად იყვნენ წასულები და არ გამოვიდნენ სამსახურში. პირველი ორი დღე ტარიფები ნამდვილად იყო გაზრდილი, თუმცა დასტაბილურებულია", — აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, თბილისში 17 ათასამდე ტაქსი მოძრაობას და ეს იგივე რაოდენობაა, რაც ტაქსების რეფორმამდე იყო.

პირველი ოქტომბრიდან თბილისის ქუჩებში მგზავრის აყვანა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა და რიგ შემთხვევებში გაიზარდა ტაქსის ღირებულებაც. ამავდროულად მეტროში გაიზარდა ხალხის რაოდენობა.

რამდენიმე დღის წინ კალაძემ მოსახლეობას, რომელსაც მომავალში ტაქსის ტარიფის ზრდა შეაწუხებს, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ურჩია. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს არ უგულისხმია და მისი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად კარგი გახდეს, რომ ტაქსის ნაცვლად ხალხმა მეტრო და ავტობუსი აირჩიოს.