40 წლის განმავლობაში პირველად ირანელი ქალები სტადიონზე ფეხბურთის მატჩს დაესწრნენ. აქამდე ქალებისთვის სტადიონზე ყოფნა მკაცრად აკრძალული იყო. ფიფამ შეზღუდვის გაუქმება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ერთ-ერთმა ქალმა სტადიონზე შესვლა კაცის ტანსაცმლით სცადა და შემდეგ თავი დაიწვა.

ქალებისთვის ისტორიული მატჩი ირანსა და კამბოჯას შორის შედგა. ჯამში მატჩისთვის 3 500 ე.წ. ქალის ბილეთი გაიყიდა.

ფოტო: AP Photo

ფოტო: AP Photo

ფოტო: Getty Images

აკრძალვის მოხსნის მიუხედავად ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა. აქტივისტი მარიამ ჰოჯაი ამბობს, რომ სტადიონზე ქალების სექტორი კაცებისგან გამოყოფილია და 78-ათასადგილიან სტადიონზე მათთვის მხოლოდ 3 500 ადგილი გამოიყო.

"ეს დისკრიმინაციაა. ათასობით თავისუფალი ადგილი იყო, მაგრამ ქალებმა ბილეთები ვერ იყიდეს. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა", — თქვა აქტივისტმა.

ხელისუფლებამ ე.წ. ქალების ბილეთი და ცალკე სექტორი იმით განმარტა, რომ საზოგადოება აკრძალვის სრულად მოხსნისთვის ჯერ მზად არაა.

ქალებისთვის ფეხბურთის მატჩებზე დასწრება ისლამური რევოლუციიდან მალევე აიკრძალა. ბევრი ირანელი აქტივისტი წლების განმავლობაში იბრძოდა აკრძალვის მოხსნისთვის. Human Rights Watch-ის წარმომადგენელი მინკი უორდენი ამბობდა, რომ ირანში ეშინოდათ აკრძალვის მოხსნით ქალებს უფრო მეტი უფლება არ მოეთხოვათ.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფეხბურთის გულშემატკივარი საჰარ ჰოდაიარი გარდაიცვალა. სექტემბრის დასაწყისში ქალმა სტადიონზე შესვლა კაცის ტანსაცმლით სცადა, რის გამოც ის დააკავეს. გასამართლების შიშის გამო ქალმა სასამართლოს შენობის წინ ცეცხლი წაიკიდა და ერთ კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფოტო: EPA

ფოტო: AP Photos