"მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში", — აცხადებს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით, ვიდეო ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში ჩაწერეს.

ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, თუ რას ითხოვენ აღკვეთის ღონისძიებად. უწყების განცხადებით, პროკურორი თავად განმარტავს მოთხოვნას.

სექსუალური ძალადობის საქმე

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.

თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.

თოდაძის თქმთ, ჯიშკარიანმა მასზე 30 სექტემბერს იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ამის მიზეზად პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ასახელებდა.

6 ოქტომბერს თოდაძემ მთავარი არხის ეთერში მომხდარზე ღიად ისაუბრა, მეორე დღეს კი პროკურატურასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიამართა. 8 ოქტომბერს მისმა უფლებადამცველმა პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად ისევ მიმართა, საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა და ქალი დაზარალებულად ცნო.